თუ ბოლო აღმოჩენები მართებულია და ბნელი ენერგია ევოლუციას განიცდის, ახალი გათვლების თანახმად, ჩვენი სამყარო საბოლოოდ საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება.

ბნელი ენერგიის ბოლო კვლევების მიხედვით, სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ რაღაც 33.3 მილიარდი წელია. რადგან სამყაროს გაჩენის შემდეგ 13.8 მილიარდი წელი უკვე გავიდა, ის დრო რაც სამყაროს დარჩა, 20 მილიარდ წელზე ნაკლები ყოფილა.

“სამყაროს გაფართოება კიდევ 11 მილიარდი წელი გაგრძელდება. უკვე ამის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდება და დაიწყება კოლაფსი, რომელსაც დიდ შეკუმშვას ვუწოდებთ”, — ამბობენ მკვლევრები.

კვლევის ავტორები ესპანეთიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან არიან.

“ბოლო 20 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კოსმოლოგიური მუდმივა დადებითია და სამყარო სამუდამოდ გაფართოვდება. ახალი მონაცემების თანახმად, კოსმოლოგიური მუდმივა უარყოფითია და სამყარო დიდი შეკუმშვით დასრულდება”, — აღნიშნა კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ჰენრი ტაიმ.

კოსმოლოგიურ მუდმივად ტაი λ-ს გულისხმობს, რომელიც აინშტაინმა ფარდობითობის თეორიაში შემოიტანა. მან ის სამყაროს გაფართოების ასახსნელად გამოიყენა. თუ λ-ს მნიშვნელობა დადებითია, მაშინ ის ძალაა, რომელიც მუდმივად გარეთ მიიწევს, შესაბამისად სამყაროს გაფართოებაში შეაქვს წვლილი. თუ λ უარყოფითია, ის მუდმივი მიზიდულობის სახით იქცევა, რომელიც არასდროს ქრება და საბოლოოდ სამყაროს გაფართოებასაც აჩერებს.

ბოლო დაკვირვებების თანახმად, ბნელი ენერგია იცვლება. მკვლევრების მოდელის თანახმად, λ უარყოფითისკენ იხრება. რადგან უარყოფითი λ შიგნით იზიდავს, ის სამყაროს გაფართოებას ხელს შეუშლის.

მეორე მხრივ, უმეტესი მტკიცებულებების თანახმად, სამყარო ფართოვდება. და მაინც, სამყაროს დაკვირვებულ ქცევამდე მისვლა შეგვიძლია, თუ უარყოფით λ-ს ულტრამსუბუქ აქსიონის ველთან გავაერთიანებთ, რომელიც ახლა ბნელი ენერგიის მსგავსად იქცევა.

მიიჩნევა, რომ აქსიონები ულტრამსუბუქი ნაწილაკებია, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც გლუვი, მოჩვენებითი ველი სივრცეში. პირველად ისინი ათწლეულების წინ ივარაუდეს და ამით ნაწილაკების ფიზიკის პრობლემების გადაჭრა სურდათ.

ახალ კვლევაში, ტაიმ და მისმა კოლეგებმა აქსიონები აღწერეს როგორც ძალა, რომელიც სამყაროს თავიდან ბიძგს აძლევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ბიძგი ნელდება.

ამ მომენტისთვის აქსიონის გავლენა კვლავ შესამჩნევია და სწორედ ეს შეიძლება უბიძგებდეს სამყაროს გაფართოებისკენ. რადგან სხეულები ერთმანეთს შორდება, მათ შორის გრავიტაციაც სუსტდება — შეიძლება ამიტომაც სამყაროს გაფართოება ახლაც ჩქარდება.

მეორე მხრივ, 11 მილიარდი წლის შემდეგ აქსიონების ეფექტი შემცირდება იმდენად, რომ მას λ-ს უარყოფითი მიზიდულობა დაჯაბნის. ამ მომენტიდან სამყარო შეკუმშვას დაიწყებს და დაახლოებით 8 მილიარდ წელიწადში დიდ შეკუმშვას მივიღებთ.

ეს რაღაცით ველოსიპედით აღმართზე ასვლას ჰგავს, რა დროსაც მოძრაობაში ზურგის ქარიც გეხმარებათ. როდესაც ქარი სუსტდება, ასვლის პროცესიც ნელდება, მანამ სანამ დაღმართზე არ დაეშვებით.

ახალი კვლევის თანახმად, “დაღმართის შეკუმშვა” უფრო სწრაფი იქნება, რადგან მასზე აქსიონების კინეტიკური ენერგია გამეფდება. შედეგად, სიმკვრივის ზრდა აძლიერებს გრავიტაციას და შეკუმშვის ფაზა გაფართოებაზე უფრო მოკლეა. წარმოიდგინეთ აღმართზე ასვლასთან დაკავშირებული სირთულეები, შემდეგ შეადარეთ ის დაღმართზე დაშვებას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი შეკუმშვა დიდი აფეთქების საპირისპიროა. ამ პროცესში სამყაროს მთელი მატერია კვლავ ერთ უსასრულო სიმკვრივის წერტილში ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მომავლის განსაზღვრა ზუსტად ჯერ შეუძლებელია. ეს უბრალოდ ერთ-ერთი შესაძლო ვერსიაა, რითაც შეიძლება სამყარო დასრულდეს. საკითხზე ზუსტი პასუხების მისაღებად მეტი კვლევები იქნება საჭირო.

გარდა ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია. შესაძლოა, ეს საერთოდ არ იყოს აქსიონები ან აქსიონის მსგავსი ნაწილაკები, არამედ სრულიად განსხვავებულ რამესთან გვქონდეს საქმე.

მიუხედავად ამისა, ნაშრომი კოსმოლოგიის ერთ-ერთ უდიდეს კითხვაზე პოტენციურ პასუხს გვთავაზობს.

კვლევა ჟურნალ Cosmology and Astroparticle Physics-ში გამოქვეყნდა.