"შენმა დედიკომ დღეს იცი რა მითხრაა? შვილებს არასდროს დაუყვირო, სულ ეფერეო" - უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სკოლასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეორე კლასელი გოგონას, ნიტა ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, 7 წლის ბავშვს სოფლის ცენტრალურ გზაზე, სკოლასთან, ავტომობილი შეეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა და ყველანი განვიცდით. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტები შემთხვევის ადგილზე, გამოძიება მიმდინარეობს და მეტ დეტალს ისინი დაადგენენ. ამ ეტაპზე ვიცი ის რომ ბავშვი გადადიოდა ქუჩაზე და ამ დროს სამარშრუტო მანქანა დაეჯახა, მანქანა ძალიან ნელა მიდიოდა, სკოლის მოპირდაპირე მხარეს მოხდა ეს უმძიმესი ტრაგედია, სკოლასთან. გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა.
ბავშვი იქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია სკოლაში აკითხავს ბავშვებს მიკროავტობუსები და იმით ანაწილებენ სახლებში. როგორც შევიტყვე, სკოლის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე მოხდა ავარია. საჭესთან იჯდა ბათუმის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ავტოკოლონის მძღოლი.
როგორც ვიცი, მან გააჩერა ავტომანქანა, მანქანიდან გადმოვიდა ორი პედაგოგი, რომლებიც სკოლაში მიდიოდნენ, ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან, შემდეგ მძღოლმა დაძრა მანქანა და ამ დროს მოხდა ავარია. ალბათ მძღოლმა ვერ შენიშნა ბავშვი, როგორც თავად მძღოლი ამბობს, ბავშვმა წინ გამირბინაო. დანარჩენს ალბათ გამოძიება დაადგენს. ექსპერტი იყო მოსული და იქ კარგა ხანს მუშაობდნენ. ბავშვი ადგილზე არ გარდაცვლილა, სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში.
თავიდან ითქვა, რომ თითქოს ბავშვი კარგად იყო, მაგრამ მერე დარეკეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ძალიან მძიმე ამბავია მეორე კლასელი ბავშვის გარდაცვალება. მძღოლი არსად წასულა, ბოლომდე იქ იყო. დაემართა ეს უბედურება და იქ იდგა გაქვავებული. ცუდად არის თვითონაც, ძალიან სამწუხარო ამბავია, ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ ოჯახს, ახლობლებს",- ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ორთაბათუმში როსტომ ფაღავა. განაგრძეთ კითხვა