რეგისტრაცია

„კატაფალკის მანქანაზე იჯდა და სასახლე მიჰქონდა... ანრი ობლად გაზრდილია, პატარა იყო დედა რომ გარდაეცვალა“ - ზუგდიდში მომხდარი ავარიის დეტალები

„კატაფალკის მანქანაზე იჯდა და სასახლე მიჰქონდა... ანრი ობლად გაზრდილია, პატარა იყო დედა რომ გარდაეცვალა“ - ზუგდიდში მომხდარი ავარიის დეტალები
15 May 2025, 19:06

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი მოზარდი დაშავდა. ორი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათ ოპერაციები წუხელვე ჩაუტარდათ. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ამბობენ, ერთ მოზარდს დაზიანება აქვს სახის არეში, ხოლო მეორემ თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო.

„კვირის პალიტრას“ ერთ-ერთი დაშავებულის, ანრის ნათესავმა განუცხადა, რომ ბიჭს წუხელ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და დღესაც დასჭირდა მეორე ოპერაცია, რადგან მას მუცლის არეშიც აქვს დაზიანება.

„ანრის წუხელ გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ დღეს სასწრაფოდ მეორე ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, დილით სისხლი უღებინებია და გვითხრეს, მუცლის ღრუ სისხლით არის სავსე და კუჭის ოპერაცია სჭირდებაო. ამას უკეთებდნენ და ახლა დამთავრდა.

ჩვენთვის ჯერ ყველაზე მთავარია, ის გადარჩეს. როგორც ვიცი, სხვებს არ აქვთ ასეთი მძიმე მდგომარეობა. ახლა საუბრის თავი და ამის ძალაც არ მაქვს, იმას გეტყვით, რომ მეორე ოპერაციის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანრი გადაიყვანონ ქუთაისის კლინიკაში. ალბათ, რეანიმობილით მალე გადაიყვანენ, ყველანი უფალს ვთხოვთ მის გადარჩენას", - აცხადებს ნათესავი.

ცნობილია, რომ კიდევ ერთი მოზარდი რჩება ამ დრომდე კლინიკაში, როგორც, „კვირის პალიტრას“ განუცხადეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არაც შეეხება მესამე მოზარდს, მას ხელი აქვს მოტეხილი, პირველადი დახმარება ღამითვე აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირდა.

„მთელი ზუგდიდი წუხელ კლინიკასთან იდგა და ყველა ვლოცულობდით, რომ ეს ბავშვები გადარჩენილიყვნენ. წუხელ ორივე ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, თავის ოპერაცია დასჭირდა ანრის, ითქვა, რომ მას ჰქონდა თავში ჰემატომა, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო, თქვეს ექიმებმა და დღეს ელოდებოდნენ გონზე მოსვლას. ღმერთმა გადაარჩინოს, უსაყვარლესი, ობლად გაზრდილი ბავშვია. სულ პატარა იყო დედა რომ გარდაეცვალა, მამამ გაზარდა. ძალიან შეგვტკივა გული ყველას და როგორმე უნდა გადარჩეს.

ორივე ბავშვი გამოჯანმრთელდეს.

კადრებშიც ჩანს, რომ გზაზე გადადიოდნენ, შეჩერდნენ მანქანას რომ გაევლო და ამ დროს, უცებ საპირისპიროდ მომავალი მანქანა დაეჯახა. ჩანს, რომ ის მძღოლი გვერდით გასწრებას ცდილობდა.

მძღოლი ზუგდიდელი ყოფილა, უთქვამს, ღამე იყო და საპირისპირო გზაზე მომავალმა მანქანამ შუქი არ ჩამიქრო და ბავშვები ვერ დავინახეო. თურმე კატაფალკის მანქანაზე იჯდა და სასახლე მიჰქონდა ვიღაცასთან.

ახლა ყველას უფლის იმედი გვაქვს, რომ ეს ბავშვები გადარჩებიან და უვნებელი დაუბრუნდებიან ოჯახებს. ორის მდგომარეობაა მძიმე, თურმე ანრის განსაკუთრებით, თორემ მესამეს ხელი აქვს მოტეხილი და ფეხი დაზიანებული.

კადრებშიც ჩანს, როგორ გადახტა ის მესამე ბავშვი, სასწაულად გადარჩა, უცებ გადამხტარა, ეტყობა მერე წაიქცა და მაშინ დაიზიანა ხელი.

ყველა დედას კარგად უმყოფე თავისი შვილი.

ანრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ჭითაწყარში წევს და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. უფალი გადმოხედავს და არ გაწირავს, როგორც ვიცი, მეორე ბავშვსაც აქვს სახეზე და თვალზე დაზიანება, ის გადაყვანილი ყოფილა ქუთაისში და იქ უტარდება მკურნალობა", - ამბობს ადგილობრივი.

„ერთი ბინაზეა გაწერილი, მეორე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია და მესამე - ქუთაისის საავადმყოფოში. ჩემს კომპეტენციაში არ შედის დეტალებზე საუბარი. არ ვარ ნეიროქირურგი და ნუ მეკითხებით მე, ექიმებს დაურეკეთ“, - განაცხადა ზუგდიდში მერის წარმომადგენელმა თემურ მარკოზიამ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, შემთხვევის ადგილზე წუხელ მუშაობდნენ პოლიცია და კრიმინალისტები.


აგრეთვე იხილეთ: